შინაარსზე გადასვლა

რეინკარნაცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რეინკარნაციის ეტაპები დჰარმულ რელიგიებში

რეინკარნაცია (ლათ. reincarnatio „ხელახალი განსხეულება“) — რელიგიური ან ფილოსოფიური კონცეფცია ადამიანის ფიზიკური გარდაცვალების შემდეგ დედამიწაზე დაბადების გზით მისი სულის ხელახლა მოვლინების შესახებ. რეინკარნაციის კონცეფცია გულისხმობს, რომ სულს დაბადებისთანავე ავიწყდება წინა ცხოვრებების შესახებ. ის, ასევე, გულისხმობს სულისთვის საშუალების მიცემას შემდგომ ცხოვრებაში მიიღოს ახალი გამოცდილება და შეასრულოს კარმა, რაც საბოლოო ჯამში სულიერი ევოლუციისთვის არის საჭირო.

რეინკარნაცია დჰარმული რელიგიების — ინდუიზმის, ბუდიზმის, ჯაინიზმისა და სიქიზმის ცენტრალური დოგმაა. ის ასევე გვხვდება კაბალისტურ იუდაიზმში და ამერიკის მკვიდრი ხალხებისა და აფრიკელთა ტრადიციულ რელიგიებში.[1] რეინკარნაციის იდეა ასევე გავრცელებულია თანამედროვე რელიგიურ მიმდინარეობებსა და მოძრაობებში, როგორიცაა: სპირიტიზმი, თეოსოფია, ნიუ ეიჯი, გნოსტიციზმი, ეზოთერული ქრისტიანობა. იდეა, დედამიწაზე დაბადების გზით სულების ხელახალი მოვლინები შესახებ, ასევე გამოთქმულია ზოგიერთი ანტიკური ფილოსოფოსის მიერ, მათ შორის სოკრატეს, პითაგორას და პლატონის მიერ. მეორეს მხრივ, აბრაამისეული რელიგიები (იუდაიზმი, ქრისტიანობა, ისლამი) ტრადიციულად უარყოფენ რეინკარნაციის კონცეფციას.

ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ევროპისა და ჩრდილო ამერიკის ბევრ მცხოვრებს გაუჩნდა ინტერესი რეინკარნაციისადმი.[2] რეინკარნაცია, ასევე ხშირად არის ნახსენები თანამედროვე ფილმებში, წიგნებსა და პოპულარულ სიმღერებში.

  1. ↑ Gananath Obeyesekere, Imagining Karma: Ethical Transformation in Amerindian, Buddhist, and Greek Rebirth. University of California Press, 2002, p. 15.
  2. ↑ Popular psychology, belief in life after death and reincarnation in the Nordic countries, Western and Eastern Europe pdf დაარქივებული 2015-04-03 საიტზე Wayback Machine.