შინაარსზე გადასვლა

პერ ბორტენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პერ ბორტენი
ბუკმ. Per Borten
დაბადების თარიღი 3 აპრილი, 1913(1913-04-03)[1] [2] [3] [4]
დაბადების ადგილი Flå Municipality, Søndre Trondhjems amt[1]
გარდაცვალების თარიღი 20 იანვარი, 2005(2005-01-20)[1] [2] [3] (91 წლის)
გარდაცვალების ადგილი St. Olavs hospital, Trondheim University Hospital, ტრონჰეიმი
მოქალაქეობა  ნორვეგია
განათლება Norwegian University of Life Sciences

პერ ბორტენი (დ. 3 აპრილი, 1913 – გ. 20 იანვარი, 2005) — ნორვეგიელი პოლიტიკოსი ცენტრის პარტიიდან და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი 1965-1971 წლებში. პერ ბორტენის დამსახურებად მიიჩნევა მაშინდელი აგრარული პარტიის დღევანდელ ცენტრის პარტიად მოდერნიზაციის გაძღოლა. იგი აქტიურად ეწინააღმდეგებოდა ნორვეგიის ევროკავშირში გაწევრიანებას.[5]

პოლიტიკური კარიერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იგი დაინიშნა ოდელსთინგის პრეზიდენტად, ასრულებდა თავისი პარტიის საპარლამენტო ლიდერის მოვალეობას და 1955 წლიდან 1967 წლამდე მისი თავმჯდომარე იყო. 1965 წლიდან, როგორც ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი, იგი სათავეში ედგა ოთხპარტიულ მემარჯვენე-ცენტრისტულ კოალიციურ მთავრობას 1971 წლის 17 მარტამდე, სანამ მთავრობა არ დაიშალა. იგი პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მან ევროპის ეკონომიკურ თანამეგობრობაში (EEC) წევრობის შესახებ მოლაპარაკებებისას ნორვეგიის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაცია გაუზიარა, სხვა პირებთან ერთად, არნე ჰაუგესტადს, EEC-ში ნორვეგიის წევრობის წინააღმდეგ მიმართული სახალხო მოძრაობის იმჟამინდელ ლიდერს.

ბორტენის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში ნორვეგიაში მთელი რიგი პროგრესული რეფორმები გატარდა. 1966 წელს შემოიღეს შემოსავალზე დამოკიდებული პენსიები,[6] ხოლო 1969 წლის ივნისის კანონით საბინაო ბანკმა დაიწყო სესხების გაცემა ძველი საცხოვრებლების გასაუმჯობესებლად. 1969 წლის ივნისის კანონმა „ეროვნული დაზღვევის შეღავათების სპეციალური დანამატის შესახებ“ დააწესა სპეციალური დანამატი იმ პირთათვის, ვისაც დამატებითი პენსიის მიღების უფლება არ ჰქონდა, ხოლო 1969 წლის დეკემბრის კანონმა „ეროვნული დაზღვევის შეღავათების საკომპენსაციო დანამატის შესახებ“ შემოიღო დანამატი დამატებული ღირებულების გადასახადის სისტემის შემოღების კომპენსირების მიზნით. 1969 წლის ივნისის „საბაზო განათლების შესახებ“ კანონით დაწესდა 9-წლიანი საყოველთაო სწავლება, ხოლო იმავე წელს მიღებული სხვა კანონით, საოჯახო შემწეობა გავრცელდა თექვსმეტ წლამდე ასაკის პირველ ბავშვზეც, ამასთან, მარტოხელა მშობლების ოჯახებს ბავშვების რაოდენობაზე დამატებით კიდევ ერთი შემწეობა მიეცათ.

ბორტენი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა ტრონჰეიმში, წმინდა ოლავის საავადმყოფოში. იგი დაკრძალეს ფლოს ეკლესიაში, მელჰუსის მუნიციპალიტეტში. მისი მეუღლე მაგნჰილდი 2006 წლის 2 ივნისს, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.[7]