შინაარსზე გადასვლა

თალმუდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თალმუდი (ებრ. תַּלְמוּד talmūd, სიტყვასიტყვით – სწავლა, მოძღვრება) — იუდაიზმის ეთიკური და სამართლებრივი კოდექსი, რომელიც ე. წ. ზეპირი მოძღვრების სახით ერთვის ძველ აღთქმას და ქმნის იუდაისტური რელიგიის საფუძველს. შეიქმნა ძვ. წ. IV – ახ. წ. V საუკუნეებში.

თალმუდი ძველი ებრაული კულტურის მნიშვნელოვანი ძეგლია, რომელიც რელიგიურ-სამართლებრივი დებულებების გარდა, გვაწვდის ცნობებს იმდროინდელი ცოდნის სხვადასხვა დარგის შესახებ. საინტერესოა თალმუდის ენაც, რომელიც ასახავს ძვ. წ. უკანასკნელ და ახ. წ. I ს-ში ებრაულ მეტყველებას. შემორჩენილია ენობრივად და შინაარსობრივად განსხვავებული ორი რედაქცია:

  • პალესტინური ანუ იერუსალიმის თალმუდი („თალმუდ იერუშალმი“), რომელიც დაწერილია ძირითადად არამეულის პალესტინურ დიალექტზე (რედაქცია გაუკეთდა III ს-ში) და
  • ე. წ. ბაბილონის თალმუდი („თალმუდ ბავლი“), რომელიც ძირითადად არამეულის მესოპოტამიურ დიალექტზეა შექმნილი (რედაქცია გაუკეთდა V ს-ში).

დასავლეთში ძველბერძენთა და რომაელთა რელიგიასთან, აღმოსავლეთში კი ზოროასტრიზმთან და, მოგვიანებით, ქრისტიანობასთან კონკურენციის პირობებში თალმუდის შემქმნელებმა გამოიმუშავეს მთელი რიგი ამკრძალავი და ნებადამრთველი წესები, რომელთაც იუდაიზმის მიმდევართათვის დღესაც კანონის ძალა აქვთ.

თალმუდის ორი ძირითადი კომპონენტია მიშნა და გემარა. მიშნა ძველი აღთქმის წიგნების ვრცელი კომენტარია, რომელსაც თან ერთვის თოსეფთა (მიშნის დამატებები). გემარა კი მიშნის კომენტარების კრებულია. მიშნა შეიცავს 63 ტრაქტატს, რომლებიც გაერთიანებულია 6 ნაკვეთად: ზერაიმი (თესლები, ნაუსები — მიწათმოქმედებასთან დაკავშირებული წესები და ლოცვები), მოედი (დღესასწაული — რელიგიური დღესასწაულების პერიოდში მორწმუნეთა ქცევის წესები), ნაშიმი (ქალები — ოჯახური ურთიერთობისა და განქორწინების წესები), ნეზიკინი (დაზიანებანი — სამოქალაქო და სისხლის სამართლის საკითხები), კოდაშიმი (საკულტო ხასიათის მითითებები და ნორმები), ტეჰაროთი (სისუფთავე — რიტუალური ჰიგიენის საკითხები).

თალმუდმა ხაზგასმით დაადასტურა იუდაიზმის მიერ მონოთეიზმის აღიარება და ღმერთის ტრანსცენდენტური ხასიათი, მის აბსოლუტიზმი. თალმუდში მოცემულია სულის უკვდავების, საიქიოს, სამოთხისა და ჯოჯოხეთის შესახებ არსებულ წარმოდგენათა დასაბუთების მცდელობა. მასში დაწვრილებითაა განხილული მესიანიზმი, ესქატოლოგია, კოსმოგონია და კოსმოლოგია. თალმუდის არსებობის ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში ხდებოდა მისი კომენტირება, რასაც საფუძვლად ყოველთვის ადგილობრივი და თანადროული სოციალურ-ისტორიული პირობები ედო. ყველაზე მნიშვნელოვანია ევროპაში რაშის (რაბი შემუელ იცხაკი, 1040–1105) და აღმოსავლეთში მაიმონიდის (1135–1204) კომენტარები.